სოსო ფხაკაძე - რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი რომ იყიდოს, არ მესმის, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკონომიკას
რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი რომ იყიდოს, არ მესმის, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ამით საქართველოს ეკონომიკას, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ„ვისოლ ჯგუფის“ ყიდვას რუსული „როსნეფტი“ აპირებს. „ვისოლ ჯგუფმა“ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მოცემულ მომენტში „ვისოლ ჯგუფი“ არ იყიდება, თუმცა მენეჯმენტი სამომავლოდ გამსხვილებას არ გამორიცხავს.
სოსო ფხაკაძის თქმით, თუ „ვისოლ ჯგუფის“ მენეჯმენტი მომავალში გამსხვილდება, ეს ქვეყნის ეკონომიკას წაადგება.
„პოლიტიკოსი არ ვარ, მე ბიზნესის ენაზე გპასუხობთ, რომ არის სტრატეგიული აქტივები, რომლებთან მიმართებაშიც საფიქრალია, ვინ იქნება მათი მფლობელი. რასაკვირველია, პირველ რიგში, ქვეყნის მთლიანობა გვაწუხებს. ამაზე საუბარი არ არის. თუ ჩვენ გავმსხვილდებით, ეს მხოლოდ წაადგება ქვეყნის ეკონომიკას. რაც შეეხება რუსული კომპანიების მონოპოლიის საფრთხეს, საერთოდ მონოპოლია ყოველთვის საფრთხეა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ „ვისოლ ჯგუფი“ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბაზარზე მოქმედ ოპერატორთან გაერთიანებას გეგმავს.