სოსო ფხაკაძე - „ვისოლი“ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბაზარზე მოქმედ ოპერატორთან გაერთიანებას გეგმავს
სოსო ფხაკაძე - „ვისოლი“ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბაზარზე მოქმედ ოპერატორთან გაერთიანებას გეგმავს

„ვისოლ ჯგუფი“ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბაზარზე მოქმედ ოპერატორთან გაერთიანებას გეგმავს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული „როსნეფტი“ „ვისოლ ჯგუფის“ ყიდვას აპირებს. „ვისოლ ჯგუფმა“ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მოცემულ მომენტში „ვისოლ ჯგუფი“ არ იყიდება, თუმცა მენეჯმენტი სამომავლოდ გამსხვილებას არ გამორიცხავს.

გადაცემის წამყვანმა ფხაკაძეს გამსხვილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება სთხოვა. სოსო ფხაკაძემ განმარტა, რომ თეორიულად კომპანია მართლაც გეგმავს ბიზნესის გამსხვილებას და საქართველოს ბაზარზე მოქმედ რომელიმე ოპერატორთან გაერთიანებას.

„არ ვადასტურებთ, რომ ეს კომპანია იყიდება. ზოგადად, ჩვენი ხედვა საშუალოვადიან პერსპექტივაში არის შემდეგი: ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობის სეგმენტში გვინდა ბიზნესის გამსხვილება და თეორიულად ვაპირებთ საქართველოში მოქმედ მცირე თუ მსხვილ სუბიექტთან გაერთიანებას. როცა ეს მოხდება, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს. ზოგადად, გამსხვილება და ბიზნესების გაერთიანება ნებისმეირ ნორმალურ ქვეყანაში არის ბიზნესის განვითარების ჩვეულებრივი პრაქტიკა და არა მგონია, ჩვენ ვიყოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ვინმეს ეს არ ესმოდეს და ეს საკითხი დამატებით ახსნა-განმარტებას საჭიროებდეს“, – განმარტა სოსო ფხაკაძემ.