სოსო ფხაკაძე - ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს და ვიმედოვნებთ, რომ წელი წარმატებული იქნება როგორც ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის
სოსო ფხაკაძე - ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს და ვიმედოვნებთ, რომ წელი წარმატებული იქნება როგორც ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის პრეზიდენტმა მისიის წარმომადგენლებს საქართველოს ბიზნესასოციაციის BAG ინდექსის გასული წლის მეოთხე კვარტლის კვლევის შედეგები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესკლიმატს და ბიზნესგარემოს, უცხოურ ინვესტიციებს და ბიზნესის საქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორებს. აღინიშნა, რომ, როგორც კვლევის შედეგებიც ცხადყოფს, დღევანდელ დღეს ბიზნესი მთავარ გამოწვევად სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს.

ასევე, განხილული იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები, ასევე მიგრაციის ზეგავლენა ეკონომიკაზე და კადრების დეფიციტი, პროფესიული განათლების მნიშვნელობა და საქართველოს ბიზნესასოციაციის აქტიური ჩართულობა ამ მიმართულებით. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესები.

ყოველთვის მზად ვართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური კომუნიკაციისთვის, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა სტრუქტურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზსა და პროგნოზირებას. მისიის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი ხედვები, მოსაზრებები და საქართველოს ბიზნესასოციაციის BAG ინდექსის კვლევის ბოლო შედეგები. BAG ინდექსი აძლევს ბიზნესსექტორს, ხელისუფლებასა და დაინტერესებულ მხარეებს პროფესიულად დამუშავებულ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნესში არსებული განწყობებისა და მოლოდინების შეფასების კუთხით. ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს, იანვრის შედეგები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელი კარგად დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ ეს წელი წარმატებული იქნება როგორც ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნება წელს, ვიდრე დაგეგმილია“, – განაცხადა ფხაკაძემ.