სოსო ფხაკაძე - მთავრობას დღეს წარვუდგინეთ BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები, ბიზნესის კლიმატის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა
სოსო ფხაკაძე - მთავრობას დღეს წარვუდგინეთ BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები, ბიზნესის კლიმატის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ხელისუფლების წინაშე დღეს წარვადგინეთ BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები, ბიზნესის კლიმატის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ეკონომიკური პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა არსებობს გამოწვევებიც.

„ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წლების განმავლობაში ახორციელებდა გაფართოებულ შეხვედრებს მთავრობასთან. დღევანდელ შეხვედრას დაესწრო ქვეყნის პრემიერი, ასევე ოთხი ეკონომიკური პროფილის მინისტრი. ჩვენ შეხვედრა ბოლოს 2019 წლის დასასრულს გვქონდა. სამწუხაროდ, კოვიდის გამო, ასეთი გაფართოებული შეხვედრები ვეღარ გავაკეთეთ, თუმცაღა ცალკეულ შეხვედრებს პრემიერთან, მინისტრებთან, მინისტრების დაქვემდებარებაში არსებულ სხვადასხვა სამსახურთან, პარლამენტთან პერმანენტულად ვმართავდით როგორც კოვიდის პერიოდში, ისე მის შემდგომ. შეხვედრა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. საშუალება გვქონდა, დახურულ კარს მიღმა ძალიან ღიად გვესაუბრა იმ თემებზე, რომელიც გვინდოდა, ხელისუფლებასთან გამოგვეთქვა. დღეს წარვადგინეთ ხელისუფლების წინაშე BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები. ნომერ პირველი ინდიკატორი ბიზნესის კლიმატი და ბიზნესის კლიმატის მაჩვენებელი ამ წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა 43-ის ნიშნულზე, 2019 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც გამორჩეული იყო ეკონომიკური აქტივობით. ეს მაჩვენებელი 43-ის მაგივრად იყო 40-ის ფარგლებში. ასევე დასაქმების ბარომეტრი ანუ კომპანიები, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ. აქაც ისტორიული მაქსიმუმია.

როგორც ბიზნესის კლიმატის შემთხვევაში დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი, ასევე დასაქმების ბარომეტრიც ისტორიულად მაღალ დონეზეა და არის 28-ის ფარგლებში მე-3 კვარტალში. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მეოთხე კვარტალში ზუსტად 26 ქულა იყო. ასევე ძალიან საინტერესოა საინვესტიციო კვლევა და გამოკითხული კომპანიების 63% ამბობს, რომ 2022 წლის დასასრულამდე ისინი განახორციელებენ დამატებით ინვესტიციებს. BAG ინდექსის კვლევა კეთდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ, ასევე აქ ჩართულია მიუნხენის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტი IFO. მათ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით ხდება ამ კვლევის განხორციელება და ასევე ჩართულია ქართული კვლევითი ცენტრი.

ვფიქრობთ, სტატისტიკური ცდომილება ძალიან დაბალია. ეს კვლევა ძალიან კარგად ასახავს ქვეყანაში ბიზნესის, ეკონომიკის მაჯისცემას. რამეთუ ბიზნეს ასოციაცია არის ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია საქართველოში და ჩვენ მოვიცავთ უკლებლივ ყველა სექტორს. ასევე ამ კვლევას, კითხვარს ავსებენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს ბიზნესში. ჩვენ ბიზნესმენები ვართ და ვფიქრობთ ჩვენი კომპანიის განვითარებაზე, ინვესტიციებზე, უფრო მეტ სამუშაო ადგილებზე. როდესაც ასეთი პოზიტიური შედეგია, ასეთი განწყობებია ბიზნესში, ბუნებრივია, ჩვენთვის სტიმულია და სასიხარულოა. ყველა ბიზნესმენი გახარებული იყო ამ კვლევის შედეგებით, რამეთუ განწყობებს და მოლოდინებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის კეთებისთვის, ინვესტიციების განხორციელებისთვის და სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ამასთან, რაც შეეხება გამოწვევებს, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ძირითადი გამოწვევები ლარის კურსის სტაბილურობა და პროფესიონალი კადრების დეფიციტია.

„ჩვენ მხოლოდ პოზიტიურ მხარეზე არ ვისაუბრეთ. ბიზნესში არის გამოწვევები, ხელის შემშლელი ფაქტორები. ერთ-ერთი არის კვალიფიციური მუშახელის პრობლემა, ასევე სამუშაო ძალის პრობლემა და ჩვენ ამ გამოწვევებზე ვისაუბრეთ. ამ გამოწვევებს ერთად უნდა მივხედოთ ბიზნესმაც და მთავრობამაც. ეს არის მესამე, მეოთხე პრობლემა. ნომერ პირველი პრობლემა მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს არის ლარის კურსი. წლების განმავლობაში ნომერ პირველი პრობლემა იყო. ამ სიტუაციას მიეხედა და შიდა ბაზარზე ხედავთ, რომ ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა. ჩვენ გვინდა, რომ აუცილებლად შენარჩუნდეს ეს ტენდენცია. კომპანიების 95%-ის მაგივრად, მხოლოდ 60% ასახელებს, რომ ეს არის მათთვის პრობლემა. თუმცაღა ეს პრობლემები, ლართან დაკავშირებით, ჯერ არ არის ბოლომდე მოშუშებული და თუ ეს ვითარება გაგრძელდება სავალუტო ბაზარზე, დარწმუნებული ვართ, უკვე შემდეგ კვარტალში 60% გახდეს 50 და ასე შემდეგ. ბოლო პრობლემა არის ბიუროკრატია. ამ მხრივ ვითარება სწორდება, მაგრამ არსებობს ადმინისტრაციული ბარიერები. ჩვენ კონკრეტულად ვესაუბრეთ პრემიერს და უნდა მიხედოს ამ თემას, უნდა გაგრძელდეს ამ კუთხით მუშაობა. პროცენტულად ადმინისტრაციულ ბარიერებს ვინც ასახელებს, დაახლოებით 13%-ით შემცირდა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.