სომხური მედია - ერევნის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ
სომხური მედია - ერევნის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ

სომხეთის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ვიდეომასალაში ჩანს, რომ „სუ 30“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ერევნის თავისუფლების მოედნის მახლობლად ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს გამოჩნდა.

სომხეთის გენერალურმა შტაბმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი აწერს ხელს. განცხადებაში გენერალური შტაბი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობიდან გადადგომას ითხოვს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პრემიერსა და მთავრობას არ შესწევთ უნარი, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები“. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერის მოთხოვნით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გათავისუფლება, რაც პრეზიდენტმა დააკმაყოფილა.

პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

მოგვიანებით, ფაშიანმა ასევე ხელი მოაწერა გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გადაყენებასაც, თუმცა პრეზიდენტს ამ დრომდე არ აქვს ხელი მოწერილი.

დღესვე ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან მივიდა და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

მოგვიანებით, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკოლ ფაშინიანის პრემიერის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნაზე მათი პოზიცია უცვლელია.