ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის გენშტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს
ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის გენშტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის გენშტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

„გენერალური შტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად მიმაჩნია. ახლავე ჩვენს ყველა მომხრეს ვიწვევ რესპუბლიკის მოედანზე. უახლოეს მომავალში პირდაპირ ეთერში დავუკავშირდები საზოგადოებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გადააყენა. მანამდე სომხეთის შეირაღებული ძალების გენშტაბმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა. სომხეთის გენშტაბმა ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩატურიანის გათავისუფლება გააპროტესტა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის მთავრობას ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების უნარი აღარ შესწევთ.