სომხეთის პრეზიდენტი მზადაა, ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკოლა ფაშინიანს შეხვდეს
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი მზადყოფნას გამოთქვამს, ქვეყანაში დაძაბულობის შემცირების მიზნით, დეპუტატ ნიკოლა ფაშინიანს შეხვდეს, რომლის ორგანიზებითაც ერევანში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.
პრეზიდენტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო.
„ძვირფასო თანამოქალაქენო, გამოვთქვამ ღრმა შეშფოთებას ჩვენს რესპუბლიკაში შექმნილი ურთულესი სიტუაციის გამო. მოუთმენლობამ, რომელიც ჰაერში ჩამოწვა, თავის პიკს მიაღწია. მაღელვებს შემოთავაზებულ დიალოგზე უარი, რასაც შეუძლია შეტაკებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, მივმართავ ყველას მოწოდებით – შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს დაპირისპირება.
ეს არ არის პოლიტიკური მოწოდება, მოგმართავთ თქვენ, როგორც მშობელი, როგორც ნათესავი და როგორც სომეხი“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
არმენ სარგსიანი ყველას თავშეკავებისკენ, პასუხისმგებლობისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.
„თუ პოლიტიკური მოთხოვნები, რამდენადაც საფუძვლიანი არ უნდა იყოს ისინი, საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ის უბრალოდ უაზრო ხდება. სამწუხაროდ, გვაქვს მსგავსი გამოცდილება და არავის მივცემთ საშუალებასმ რომ ეს კიდევ ერთხელ განმეორდეს“, – აცხადებს არმენ სარგსიანი.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, დაზარალდება მთელი ქვეყანა.
სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია დაძაბულობის დონის შემცირება და დაუშვებელია, მხარეებს შორის განხეთქილება გადაულახავი გახდეს.
„ამიტომაც, მზად ვარ, შევხვდე პარლამენტის დეპუტატს, ნიკოლა ფაშინიანს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის გზით ქვეყანაში გამეფებული დაძაბულობა შევარბილოთ“, – განაცხადა არმენ სარგსიანმა.