სომხეთის გენერალურმა პროკურორმა პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერისთვის ხელშეუხებლობის გაუქმებისა და სამართლებრივი დევნის დაწყებაზე ეროვნულ კრებას შუამდგომლობა წარუდგინა
სომხეთის გენერალურმა პროკურორმა არტურ დავთიანმა ქვეყნის ეროვნულ კრებას პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერისთვის, გაგიკ წარუკიანისთვის ხელშეუხებლობის გაუქმებისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყების შესახებ შუამდგომლობა წარუდგინა.
როგორც სააგენტო „ნიუს ამი“ წერს, ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
შეგახსნებთ, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
გავრცელებული ვერსიით, წარუკიანის კომპანიებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც სომხეთის ბიუჯეტში ათობით მილიონიდ დოლარი არ შევიდა.
კერძოდ, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, წარუკიანი სისხლის სამართლის სამი საქმის ფიგურანტია.
ერთ-ერთი მათგანი სათამაშო სფეროში უკანონო საქმიანობას ეხება, მეორე – 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კორუფციის საკითხებს, მესამე კი მიწის ნაკვეთების უკანონო მისაკუთრებას.
თავად პარტიის ლიდერი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.