სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედრო განლაგდება
რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს. ამის შესახებ აღნიშნულია შეთანხმებაში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწერენ ხელს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მესამე პუნქტში ნათქვამია, რომ „მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტრანსპორტიორითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება“.
შეთანხმების მიხედვით, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“.