სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია აღდგომას 21 აპრილს ზეიმობს
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს 21 აპრილს ზეიმობს.
დღეს, საღამოს 17:00 საათიდან მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინება ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია. ამ დღეებში, სპეციალური წესის მიხედვით, ინთება ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები ურიგდებათ მორწმუნეებს, რის შემდეგაც აღევლინება საღმრთო ლიტურგია.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინება, როგორც თბილისის სურბ გევორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, ასევე ავლაბრის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაში.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მორწმუნეები დაანთებენ სანთლებს და მაცხოვრის კურთხევის მიღების შემდგომ დაბრუნდებიან სახლებში, თან წაიღებენ მაცხოვრის აღდგომის წმინდა სინათლეს. შემდეგ შესრულდება წმინდა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პირველი სახლის კურთხევის ცერემონია.
ხვალ, 21 აპრილს 11:00 საათიდან ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდება ღვთისმსახურება.
თბილისის სურბ გევორგის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ჩაატარებს.