სომეხთა სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს
თბილისის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიაში ამ წუთებში საშობაო ჭრაგალუიცის და შობა-ნათლისღების წმინდა წირვა აღევლინება. წირვას საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი აღავლენს.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს 6 იანვარს ზეიმობს.
6 იანვარს დილით სომხურ ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა – იესოს ნათლისღება.
საშობაო წირვა სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში 10:30 საათზე დაიწყება. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის მწირველი, ასევე, იქნება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.