სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლესთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მოგვიანებით კი აფეთქება სომალის სპეცსამსახურების შტაბ-ბინის მახლობლად მოხდა.
თავდასხმის ადგილის მახლობლად რამდენიმე სასტუმრო მდებარეობს. სომალის ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე მისულმა პოლიციამ ორმხრივი სროლის შედეგად ხუთი მებრძოლი მოკლა.
ამასთან, დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო. „ალ-შაბააბი“ „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფებაა, რომელიც სომალისა და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე თავდასხმებს რეგულარულად ახორციელებს.