სომალის დედაქალაქში აფეთქებების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა
სომალის დედაქალაქ მოგადიშუში აფეთქებების სერიას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
გავრცელებული ცნობით, სომალის დედაქალაქის ხალხმრავალ უბანში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქებების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რის გამოც სომალის პრეზიდენტმა, ჰასან შეიხ მოჰამუდმა დახმარებისთვის საერთაშოროსო საზოგადოებას მიმართა. სომალის პრეზიდენტმა აფეთქებების ორგანიზებაში „ალ-შაბაბის“ დაჯგუფება დაადანაშაულა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების სამიზნე სომალის განათლების სამინისტრო გახდა. სომალის პრეზიდენტმა, რომელიც უფლებამოსილებას ხუთი თვეა, ასრულებს, „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ „ტოტალური ომი“ გამოაცხადა. აშშ-მა, თურქეთმა, ყატარმა და გერმანიამ თავდასხმა დაგმეს.
„ალ ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება „ალ-შაბაბი“ სომალის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებს აკონტროლებს.