სოლომონ პავლიაშვილი - მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებები არის გარემოს დაცვის პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ დამბინძურებელი იხდის
სოლომონ პავლიაშვილი - მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებები არის გარემოს დაცვის პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ დამბინძურებელი იხდის

მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებები არის გარემოს დაცვის პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ დამბინძურებელი იხდის. შესაბამისად, გარემოზე მავნე ზემოქმედების მქონე პროდუქციის მწარმოებელი, იმპორტიორი თუ რეალიზატორი, პასუხიმგებელია, პროდუქციის სასიცოცხლო პროცესი მისი გამოყენების შემდეგაც მართოს და ნარჩენები ბაზრიდან უსაფრთხოდ ამოიღოს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების საკითხი განიხილეს – ახალი რეგულაცია, რომელიც ბიზნესს მის მიერ ბაზარზე შეატანილი პროდუქციის შედეგად წარმოქმნილი მავნე ნარჩენების მართვას ავალდებულებს.

რეგულაცია, რომლის დანერგვაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი, განხილვის ეტაპზეა და გარკვეული ვალდებულებების ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მართალია, ბიზნესი სრულად ეთანხმება ამგვარი რეგულაციის შემოღებას, მაგრამ საკითხის სირთულიდან და ხარჯიანობიდან გამომდინარე, კომპრომისულ ვარიანტს ითხოვს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სულ ექვს რეგლამენტზეა საუბარი, რომელიც ეხება შეფუთვის ნარჩენების, ხმარებიდან ამოღებული ავტომობილების, ასევე, აკუმულატორების, საბურავების, ელექტრონული ნარჩენებისა და გამოყენებული ზეთების მართვას. 

მისივე თქმით, რეგულაციის ავტორები ზოგადად ბიზნესის ინტერესსაც გაითვალისწინებენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ პროცესების სინქრონიზაცია და შერბილება მოხდეს, რათა ეს სიახლე ბიზნესისთვის გასაგები იყოს და საზოგადოებამაც გაათვითცნობიეროს, რადგან სრულიად ახალი რეგლამენტია, რომელსაც არა მარტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, არამედ – ნარჩენების მართვის კოდექსიც. თუ გვინდა ეს ვალდებულება შევასრულოთ, აღნიშნული ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას. მართალია, ეს გარკვეულწილად უცხოა სექტორებისთვის, მაგრამ ბიზნეს-სექტორებთან იმდენი ვიმუშავეთ, რომ გარკვეულ კონსენსუს მივაღწიეთ, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია. ეს ეხება ძალიან მნიშვნელოვნ სექტორებს, როგორიცაა პირველ რიგში შეფუთვის ნარჩენების, ხმარებიდან ამოღებული ავტომობილების, ასევე, გამოყენებული ელემენტებისა და აკუმულატორების, საბურავების, ელექტრონული ნარჩნებისა და გამოყენებული ზეთების მართვას. სულ ექვსი რეგლამენტია და შეხვედრები მეწარმეებთან სექტორების მიხედვით დავიწყეთ, რადგან გვინდა, ეს პროცესები მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით შერბილდეს. თუმცა საბოლოოდ შეჯერებული ვარიანტი უნდა მივიღოთ“, – განმარტა პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნული რეგულაცია გარემოს დაცვის პოლიტიკის ნაწილია და სხვადასხვა სექტორს ნარჩენების ამოღების განსხვავებული კოეფიციენტი შეეხება.

„ეს არის გარემოს დაცვის პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ დამბინძურებელი იხდის. ანუ იმპორტიორი, ბაზარზე განმთავსებელი, რეალიზატორი – ვინც ჩართულია პროდუქციის იმპორტსა თუ წარმოებაში, ვალდებული არიან, ამ პროდუქტის სასიცოცხლო პროცესი მათი გამოყენების შემდეგაც მართონ. ანუ, რაც ჩამოვთვალე, იმ სპეციფიკური ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს, რადგან ეს არ არის ისეთი ნარჩენები, რომლებიც ე.წ. ორგანიზებულ ნაგავსაყრელზე შეიძლება გავიტანოთ. ეს სპეციფიური ნარჩენებია, რაც ბუნებაში რჩება და აზიანებს მას. ყველზე მნიშვნელოვანი მაინც შეფუთვის ნარჩენებია, რადგან ეს პლასტიკურ ბოთლებს ეხება და ყველაზე მოცულობითია – წელიწადში დაახლოებით 800 მილიონ ბოთლზეა საუბარი. იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც აღნიშნულ პროდუქციას აწარმოებენ, ეს ძირითადად უალკოჰოლო სასმელებეს ეხება, წარმოების გაფართოებული ვალდებულება უნდა შექმნან, რომ მოხდეს ამ ბოთლების შეგროვება სპეციალურ ადგილებში განთავსების საშუალებით. გარდა ამისა, სპეციალური დანადგარებიც უნდა განთავსდეს“, – განაცხადა პავლიაშვილმა.

მისივე განმარტებით, განიხილება ე.წ. დეპოზიტური მეთოდით მართვა, რომელიც, როგორც ევროპის გამოცდილებამ აჩვენა, ყველაზე ეფექტურია, თუმცა ბიზნესის გარდა, საზოგადოების ფართო ჩართულობასაც მოითხოვს.

პავლიაშვილის თქმით, გამოყენებული პროდუქციის შემდეგ დარჩენილი ბოთლები სპეციალურ ურნებში სწორედ მომხარებელმა უნდა განათავსოს, რომელიც ბოთლის საფასურს, 15-20 თეთრს უკან მიიღებს.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, რეგულაციის ავტორები ითვალისწინებენ, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარკვეულ სირთულეს უკავშირდება, ამიტომ ნარჩენების ამოღების კოეფიციენტი ნელ-ნელა გაიზრდება.

„რეგულაცია არ იწყება ხვალ და ზეგ. წარმოების გაფართოების ვალდებულების, ორგანიზაციების დაფუძნებისა და რეგისტრაციის ვადა არის სექტემბერი. ამუშავების შემდეგ, პირველ წელს, ანუ 2021 წელს, ამოღების კოეფიციენტი შეფუთვების სექტორში 60 პროცენტი, ანუ დაახლოებით წელიწადში 400 მილიონი ბოთლი იქნება. ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე პირველ წელს ხუთი პროცენტია, აკუმულატორებზე და ელემენტებზე – 15, საბურავებზე – 25-დან 30 პროცენტამდე. სადაც ასე თუ ისე შეგროვების ფორმა არსებობს [მაგალითად პლასტიკური ბოთლების შეგროვებას სადისტრიბუციო კომპანიები უკვე ახორციელებენ] დიდი სისტემებია, რაღაც სტრუქტურა მეტ-ნაკლებად არის, მოტივაციას თუ შეუქმნი, აღნიშნული კიდევ უფრო გაიზრდება. თანაც მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ რაზეც ვსაუბრობთ, ჯერ კიდევ პროექტია, ამაზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს და ბიზნესსაც ისევ შევხვდებით“ – განუცხადა სოლომონ პავლიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი