სოლომონ პავლიაშვილი - საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შევძელით მარნეულიდან დიდი რაოდენობით პროდუქციის გატანა
სოლომონ პავლიაშვილი - საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შევძელით მარნეულიდან დიდი რაოდენობით პროდუქციის გატანა

მარნეულის მუნიციპალიტეტის აგრარულ ბაზარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მარნეულის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა.

სოლომონ პავლიაშვილმა ღია აგრარული ბაზარი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო დახურული ტიპის ბაზრის რეაბილიტაციის პროცესს.

„მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში, იყო საგანგებო მდგომარეობა, იყო კომენდანტის საათი, მაინც შევძელით დიდი რაოდენობით პროდუქციის გატანა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან. ეს არის ხუთი კომპონენტი – დაახლოებით 5 000 ტონამდე გავიტანეთ. ეს არის – კიტრი, პომიდორი, ბროკოლი, კომბოსტო და კარტოფილი. გარდა ამისა, გადიოდა სხვა პროდუქციაც, იგივე ალუჩა, ბადრიჯანი, აღარ ვლაპარაკობ რძის ნაწარმზე და ფასებიც არის ძალიან მაღალ. კიტრის ფასი არის საშუალოდ ორი ლარი და 30 თეთრი, ასევე არის პომიდვრის ფასი. კომბოსტოს რეალიზაციაც ხდება. საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ გადაყარა პროდუქცია, ხდება შეფერხება, ხელისუფლებამ ხელი არ შეუწყო და ა.შ., ეს არის იმპროვიზაცია, ეს არის წმინდა პოლიტიკური ძალების მიერ აგორებული და რაღაცნაირი შექმნილი მითი“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მისი თქმით, პროდუქცია არ დარჩება რეალიზაციის გარეშე.

„მინდა, დავპირდე მოსახლეობას – არც ერთი გრამი პროდუქცია არ დარჩება რეალიზაციის გარეშე. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი სახის პროდუქციის გატანას შეუწყოს ხელი. უფრო მეტიც, ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანი გარემო. დღეში გადის 80-85 დისტრიბუტორი. ეს არის მაღალი მაჩვენებელი. ამას ემატება ისიც, რომ მერიასთან ერთად და გუბერნიასთან ერთად და რა თქმა უნდა, ჩვენს სამსახურებთან ერთად,საშვები მივეცით მათ მოსახლეობას და გავუშვით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ. ისინი ყიდიან, ბრუნდებიან უკან, საზღვარს არ კვეთენ, დატვირთული მანქანებით მოდიან უკან. ამან კიდევ ხელი შეუწყო იმას, რომ ფერმერებმა, გლეხებმა თავის თვალით ნახეს როგორ ეყიდებათ პროდუქცია, რომ არ ქონოდათ იმის წარმოდგენა, რომ ყიდიან დაბალ ფასად და დისტრიბუტორები იხდიან ამაში მაღალ ფასს. ამიტომ მოქნილი მექანიზმი გამოვიყენეთ. ანალოგიურს გავაკეთებთ ჩვენ ბოლნისშიც“, – განაცხადა მინისტრსი მოადგილემ.

ამასთან, პავლიაშვილის თქმით, ეკონომიკური აქტივობების მიუხედავად, აუცილებელია კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების კვლავ დაცვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური აქტივობები დაწყებულია, არ უნდა დაგვავიწყდეს რა რეჟიმში ვცხოვრობთ. აუცილებელია, ყველამ ყოველდღიურად დავიცვათ კორონავირუსისგან გამომდინარე პრევენციული ღონისძიებები. ხალხი არის კმაყოფილი ძალიან, ბაზარი გავხსენით. რთული იყო ამ ბაზრის გახსნა და მადლობა მერიას, გუბერნიას და ყველა იმ ჩართულ სამსახურებს, რომ ერთობლივი ძალებით შევძელით. ახლა, უკვე მონიტორინგს განვახორციელებთ ჩვენ და მენეჯმენტი უნდა განახორციელოს ბაზრის ადმინისტრაციამ. ყველას უნდა ეკეთოს პირბადე, უნდა ჩატარდეს თერმოსკრინინგი, დავიცვათ სოციალური დისტანცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ რა რეჟიმში ვცხოვრობთ“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.