სოლომონ პავლიაშვილი - მესტიიდან პროდუქციის გატანა და ადგილობრივების პროდუქტით მომარაგება ორგანიზებულად მოხდება
სოლომონ პავლიაშვილი - მესტიიდან პროდუქციის გატანა და ადგილობრივების პროდუქტით მომარაგება ორგანიზებულად მოხდება

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ჩავიდა.

ის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ სოზარ სუბართან, მესტიის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანსა თან და მერიის სხვა თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს დისტრიბუციის საკითხები. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, მესტიის მუნიციპალიტეტიდან სოფლის მეურნეობისა და სურსათის დისტრიბუცია არ შეწყდება და ორგანიზებულად მოხდება პროდუქტების როგორც სარეალიზაციოდ გატანა, ასევე მუნიციპალიტეტის მომარაგება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს გამოცდილება პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. არაერთ რეგიონში ვიყავით. ვმუშაობთ ძალიან კოორდინირებულად ჩვენს უწყებებთან ერთად, ამავდროულად, შტაბთან ერთად. დღევანდელი ჩამოსვლის მიზანიც იყო, რომ მოსახლეობა დავარწმუნო, არ ექნებათ შეფერხება პროდუქციის მომარაგებაში. დისტრიბუცია აწყობილია. არც ფასები გაიზრდება.

ამავდროულად, მინდა ვუთხრა მათ, თუკი რაიმე პროდუქციის რეალიზაციას აპირებენ, ხელს შევუწყობთ რეალიზაციაში, ვეცდებით და მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ფასები არ გაიზარდოს პროდუქციაზე. ამიტომ, ყველა ის კომპონენტი, რომელიც ავალია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრ ლევან დავითაშვილის დავალებითა და კოორდინაციით გავაკეთეთ მაქსიმალურად.

აქ შემოვლენ სადისტრიბუციო კომპანიები. მათ არანაირი შეფერხება არ აქვთ და არც შიგნით გაყიდვის რამე პრობლემა არ იქნება. სადისტრიბუციო კომპანიები შემოვლენ და გაიტანენ იმ პროდუქციას, რომელსაც ვერ გაიტანენ ადგილობრივი მცხოვრებლები. ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ ადგილობრივი მცხოვრები ვერ დატოვებს მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე, ვიდრე კარანტინი არ დასრულდება. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით, რომ მათთვის ეს ყველაფერი იყოს შედარებით კომფორტული“, – აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.