ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას კარტოფილის რეალიზაციის მხრივ პრობლემები არ შეექმნება
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას კარტოფილის რეალიზაციის მხრივ პრობლემები არ შეექმნება

ვეცდებით, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოსახლეობას და თავიანთი მოსავალი არ გაუფუჭდეთ და პროდუქციის რეალიზაციაში არ შეექმნათ პრობლემა, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის სოლომონ პავლიაშვილი​, ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი დღეს ნახიდურის, ყიდისყურიას და ფარიზის მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, კარტოფილის მოსავლის აღების დრო არის ძალიან ხანმოკლე და ამიტომ საჭიროა მოქნილი მექანიზმის შემუშავება.

„აქ დაახლოებით არის 900 ჰექტარზე კარტოფილი, ველოდებით დაახლოებით 20-დან 25 ათას ტონამდე მოსავალს, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროდუქციის რეალიზაცია არ შეფერხდეს. ამ მიმართულებით განიხილება სხვადასხვა ფორმა. გარდა იმისა, რომ შეიძლება ექსპორტიორები და დისტრიბუტორები ჩავრთოთ, ასევე შეიძლება ადგილობრივ მოსახლეობას მივცეთ საშვები, როგორც მარნეულში გავაკეთეთ. ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, რომ მათ თვითონ გაიტანონ თავიანთი მოსავალი. ვეცდებით, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოსახლეობას და თავიანთი მოსავალი არ გაუფუჭდეთ, პროდუქციის რეალიზაციაში არ შეექმნათ პრობლემა. კარტოფილის მოსავლის აღების დრო არის ძალიან ხანმოკლე და ამიტომ გვჭირდება მოქნილი მექანიზმის შემუშავება, ძალიან სწორი მენეჯმენტი. ამ საკითხში ჩართული არიან გუბერნია, მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რეგიონში ეპიდემიის დინამიკა გარკვეულად შეჩერებულია.

„აქტიურ ფაზაში შედის კარტოფილის მოსავლის აღება, საკმაოდ უხვი მოსავალი არის პროგნოზირებადი, დაახლოებით 1300 ჰექტარზე, 30 დან 35 000 ტონაზეა საუბარი. ჩვენ განვიხილეთ მოსახლეობასთან ფერმერებთან გარკვეული მიმართულებები, რა ფორმით შეიძლება ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებას და შევპირდით, რომ მაქსიმალურად გაკეთდება ყველაფერი, რათა პროდუქცია არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე. აქ არიან ფერმერები, რომელთაც აქვთ საკმაოდ დიდი მასშტაბის სასოფლო სამეურნეო სავარგულები, არიან კოოპერატივების წევრები, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ანტიკრიზისული გეგმა, რაც უკავშირდება სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოყვანას, და ის სიახლეები რაც შემოთავაზებულია ცენტრალური ხელისუფლებიდან, ამ შეხვედრის ფარგლებში გაგვეცნო მოსახლეობისთვის და ასევე ის სიახლეებიც გვეცნობებინა, რაც აქტიურად გამოსაყენებელია მათგან“, – განაცხადა რეხვიშვილმა.

ამასთან, როგორც ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამორჩეული მუნიციპალიტეტია სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ამ მხრივ ახალი კარტოფილი არის მცხოვრებლების 20 პროცენტის ძირითადი შემოსავლის წყარო.

„რაოდენობა არის დაახლოებით 1500 ჰექტარამდე დათესილი კარტოფილი და ველოდებით 40 ათას ტონა კარტოფილს. 40 ათასი ტონა კარტოფილის გაყიდვა ამ საკარანტინო პირობებში მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას და ძალიან დიდ რესურსს ამ ყველაფრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ფერმერები ჩვენი მოსახლეობა არ დაზარალდნენ, და მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი თავიანთი მოწეული პროდუქტი“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.