სოფო კილაძე - შსს-ს აქვს პროგრესი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებაში და პროცესი ჯერ არ არის დასრულებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს პროგრესი და პროცესები დღევანდელი დაკავებით არ დასრულებულა.
„მგონია, მთელი საზოგადოება იმ პროგრესს ხედავს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დებს. კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავეა დაკავებული და ვფიქრობ, ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი კონკრეტული გარემოება, რაც გამოიკვეთება, ამაზე სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება იყოს. მგონია, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შსს ძალიან ბევრ პროგრესს აჩვენებს სარალიძესთან მიმართებაში“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
სოფო კილაძის თქმით, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავს შეგნებულად იკავებს, რადგან კომისიის წევრებმა ყველა ადამიანი უნდა გამოკითხონ, ვისაც ინფორმაცია აქვს და საბოლოო დასკვნა ამის შემდეგ უნდა გააკეთონ. დეპუტატის განცხადებით, სწორედ ასეთი მიდგომა იქნება ყველაზე სამართლიანი.
„ჩვენ ვერც გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ ვერავის დაკავებას სამომავლოდ, რადგან შსს-ს თავისი დისკრეცია აქვს და ამ უფლებამოსილების ფარგლებში, მათ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ. უფრო მეტიც, მათგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ველოდებით. ამავდროულად, ჩვენი პარლამენტის ფუნქციაა, რომ თუ რაიმე ხარვეზები არსებობდა გამოძიების ფარგლებში, რაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის საქმეს უკავშირდება, გამოძიების ფარგლებში გამოვაჩინოთ და წარმოვაჩინოთ“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით შსს-მ დღეს არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა.