სოფო კილაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცესის დაწყება არარეალისტური, ფანტასტიკის ჟანრია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცესის დაწყება არარეალისტურია, ფანტასტიკის ჟანრია.
როგორც პირველ არხს კილაძემ განუცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სერიოზული რეფორმის პროცესი მიმდინარეობს, რასაც გარკვეული ადამიანები ეწინააღმდეგებიან და ცდილობენ, რეფორმას ხელი შეუშალონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა ბოლომდე მივიდეს და ერთხელ და სამუდამოდ, ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვქონდეს, რომელიც საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის.
ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი სწორად განვითარდეს და საზოგადოება სიცრუის გავრცელების მსხვერპლი არ იყოს.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეტევას კამპანიური ხასიათი აქვს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. უნდობლობის პროცესის დაწყება არარეალისტურია, ფანტასტიკის ჟანრია.
კანონის მოთხოვნები როგორიც იყო, ბორდი ისეა არჩეული, მათ შორის უმცირესობის აქტიური ჩართულობით“, – განაცხადა კილაძემ.