სოფო კილაძე - საერთაშორისო პარტნიორებმა ოპოზიციას მოუწოდეს, არ გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, სამწუხაროდ, არ ისმენენ არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს
სოფო კილაძე - საერთაშორისო პარტნიორებმა ოპოზიციას მოუწოდეს, არ გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, სამწუხაროდ, არ ისმენენ არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს

მნიშვნელოვანია, გვყავდეს ისეთი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გააკრიტიკებს ხელისუფლებას, რაც საბოლოო ჯამში სიკეთეს მოუტანს ხალხს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტრუქციული ოპოზიციის როლს, იმ როლს, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში აქვს ნებისმიერ პოლიტიკურად პასუხისმგებლიან ძალას.

„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მათ მოუწოდეს, არ გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, ისინი არ ისმენენ არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს. ვფიქრობ, მათ ეს საბოლოო ჯამში მიიყვანს სრულ გაკოტრებამდე, რადგან ამ პიკეტირების თუ დესტრუქციის მიღმა უკვე სხვა გზა აღარ არის და ისინი თვითონ თუ არ დაბრუნდნენ კონსტრუქციულ ჩარჩოებში, თავიანთ თავს თვითონ გააკოტრებენ საბოლოოდ, დაუსვამენ თავიანთ თავს წერტილს, რაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ლოგიკური დასასრული იქნება „ნაციონალური მოძრაობის“, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც იქნება კონკრეტულ საგნებზე კრიტიკული, კონკრეტულ მოვლენებზე კრიტიკული, კრიტიკული იმაზე, რაც რეალურად აწუხებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამაზე მათი ვალდებულება უნდა იყოს, რომ აკრიტიკონ ხელისუფლება და ამით საბოლოო ჯამში დაიდოს შედეგი. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ინტერესს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, გვყავდეს ისეთი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გააკრიტიკებს ხელისუფლებას, რაც საბოლოო ჯამში ხალხს მოუტანს სიკეთეს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.