სოფო კილაძე - ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას განცხადება დასაგმობია
ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას გუშინდელი განცხადება ნამდვილად დასაგმობია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ნანა კოსტავა უკვე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
„თავად ფაქტი ნამდვილად არის დასაგმობი. შეიძლება ჩვენ მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს კონკრეტული ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანი, როცა ასეთ ენით აღუწერელ ტრაგედიაშია, აქ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ყველა თანამოქალაქეს, მით უფრო მმართველი გუნდის წარმომადგენელს ელემენტარული ადამიანობა მოეთხოვება. ეს პირი უკვე გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გადააყენეს საკრებულოში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის არაადამიანური გამოვლინებები არ იქნება არასდროს, განსაკუთრებით მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.
ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი.
მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერისდის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.