სოფო კილაძე - პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ სისხლის სამართლის ნორმებს უკუქცევის ძალა არ აქვს
პრეზიდენტს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ სისხლის სამართლის ნორმებს უკუქცევის ძალა არ აქვს და იმ სამართლებრივ ურთიერთობაზე თუ ფაქტებზე ვერ გავრცელდება, რომელიც წარსულში მოხდა, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა, რომელიც „გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, შესაძლებლობა არსებობს, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შევიდეს და „გირგვლიანის შესწორებები“ მომავალზე გავრცელდეს, რადგან ფიზიკურად კონსტიტუცია სისხლის სამართლის ნორმების უკუქცევის ძალას კრძალავს.
„აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით კითხვები მოხსნილია. რაც შეეხება წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ბევრი ადამიანი პასუხისგებაში მიეცა, თუმცა დარჩენილია უამრავი ისეთი შემთხვევა, რომელზეც რეაგირება არ მოხდა. ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. იმდენად ბევრი დანაშაული მოხდა და ზოგიერთი მათგანი იმდენად წარსულში, რომ ფაქტობრივად, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა რთულია.
ამასთანავე, სხვადასხვა ქონება იმდენჯერ გადაფორმდა, რომელიც უკანონოდ იყო ჩამორთმეული, რომ ჯერ ამ კონტექსტში სამართლიანობის აღდგენა წარმოუდგენელია. სამწუხაროა, ეს იყო რეჟიმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა. იმ ურთიერთობებზე ვერ გავრცელდება, რომელიც წარსულში მოხდა რადგან კონსტიტუცია კრძალავს სისხლის სამართლის ნორმების წარსულზე გავრცელებას“, – განაცხადა კილაძემ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „გირგვლიანის შესწორებების” განხორციელების ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც საუბარს შეძლებდა, ხელთ არ აქვს.
მისი თქმით, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა იყოს, მათ შორის “აუცილებელია, ამ შესწორებებით ის უსამართლობა გასწორდეს, რომელიც თავად სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ამ დევნას ახორციელებდა, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც პოლიტპატიმრების სია და ვისი ყოველდღიური შესრულებითაც ხორციელდებოდა დევნა. შემდეგი კი უნდა იყოს სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისთვის განაჩენის გამოტანა”.