სოფო კილაძე - მთავარია, ვიმუშაოთ დანაშაულის პრევენციაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართულებით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მთავარია დანაშაულზე სახელმწიფომ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და ახალგაზრდებში მის პრევენციაზე იმუშაოს.
როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული, თუმცა არსებობენ ცალკეული კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც მაინც ახერხებენ დანაშაულის ჩადენას.
„კრიმინალი გაზრდილია თუ არა, ამას ყველაზე კარგად სტატისტიკა გასცემს პასუხს, მაგრამ ყველა ქვეყანაში სამწუხაროდ, ხდება დანაშაული. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საქართველო სულ რამდენიმე ხნის წინ აღიარა აშშ-მა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენთან კრიმინალს არ აქვს ფართო ასპარეზი, თუმცა იმავდროულად, რა თქმა უნდა, ცალკეული კრიმინალური დაჯგუფეფები არსებობენ, რომლებიც მაინც ახერხებენ დანაშაულის ჩადენას და ეს ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენთვის მთავარია, ადეკვატური რეაგირება მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან და ასევე მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ პრევენციაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართულებით. მათ დასაქმებაზე, ჩართულობაზე ჯანსაღი ცხოვრების წესში, რომ რაც შეიძლება უსაფრთხო გახდეს საქართველო”, – აღნიშნა სოფო კილაძე.