სოფო კილაძე - მოსამართლეობის კანდიდატთა სიის გაწვევის პროცედურები არ არსებობს და დეპუტატებმა საკითხს კენჭი უნდა უყარონ
სოფო კილაძე - მოსამართლეობის კანდიდატთა სიის გაწვევის პროცედურები არ არსებობს და დეპუტატებმა საკითხს კენჭი უნდა უყარონ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩაგდება მოხდება.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სიის გაწვევის პროცედურები არ არსებობს და დეპუტატებმა საკითხს ყველა ვარიანტში კენჭი უნდა უყარონ.

„სამწუხაროა, როცა ოპოზიცია ამ ყველაფერს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გამჭვირვალედ წავიდეს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის მოვლენები იმ აჟიოტაჟს უკავშირდება, რაც გარკვეულმა წრეებმა საზოგადოებაში შეიტანეს მაშინ, როცა თავიდანვე ვთქვით, რომ ამ პროცესს გამჭვირვალედ წავრმართავდით. ბევრი ისეთი განცხადება გაკეთდა, რომელმაც დააზიანა როგორც სასამართლო სისტემა და მის მიმართ ნდობა, ასევე სამართლებრივი სახელმწიფოც, რაც ქვეყანას არ წაადგება“, – აცხადებს კილაძე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა მიმართვის შემდეგ, იმ წრეებს ყველანაირი საფუძველი გამოეცალათ, რომლებიც საკითხზე აჟიოტაჟს ხელოვნურად ქმნიდნენ.

„ფორმალურად, სიის გაწვევის პროცედურები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა სიას ყველა ვარიანტში კენჭი უნდა უყაროს. ასეთ შემთხვევაში სიის ჩაგდება მოხდება, მით უფრო, როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკითხი ამის შესახებ თავად დააყენა. პროცესი ხელოვნურად აჟიტირებული იყო იმ ფონზე, როცა ვთქვით, რომ ამ პროცესის ხელოვნური წარმართვა არ მოხდებოდა. იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც საზოგადოების საუკეთესო ინტერესებში შედის. ხელოვნურად აჟიტირებული იმ წრეების მხრიდან იყო, ვინც განსაკუთრებით ხმაურობდა. ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ უმრავლესობის ზოგმა წევრმა ეს პროცესი საკუთარი პირადი მიზნისთვის გამოიყენა“, – დასძინა კილაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატმა პარლამენტს დღეს მიმართა, რომ მათი კანდიდატურები არ განიხილონ. განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.