სოფო კილაძე - კარგი იქნება, თუ პოლიციელის მხრიდან დაკავების ოპერაცია კამერებზე აღბეჭდილი იქნება
სოფო კილაძე - კარგი იქნება, თუ პოლიციელის მხრიდან დაკავების ოპერაცია კამერებზე აღბეჭდილი იქნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ პოლიციელის მხრიდან დაკავების ოპერაცია კამერებზე აღბეჭდილი იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში კილაძე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ბექა წიქარიშვილის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გადახედვას საჭიროებს და ამაზე არავინ არ დავობს.

„მთავარია, ეს პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე დროულად მივიდეს. ორი სამართლებრივი სიკეთე უნდა დავიცვათ –  ადამიანის უფლებები და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ორივე საკითხი დაბალანსებული უნდა იყოს. კარგი იქნება, როცა ასეთი პრობლემური თემებია, კამერის კონკრეტული ჩანაწერი არსებობდეს, სადაც შავით თეთრზე დავინახავთ, ზუსტად რა მოხდა და კითხვის ნიშნები აღარ იქნება. კამერებს, რომლითაც პოლიციელები არიან აღჭურვილი, განუსაზღვრელი შესაძლებლობა არ აქვთ, დროის გარკვეულ მონაკვეთს იღებენ, რადგან უფრო ძლიერი კამერები ბევრად უფრო ძვირი ღირს და ეს საბიუჯეტო სახსრებს მოითხოვს. ამ კუთხით გამოწვევა გვაქვს, მაგრამ უკეთესი იქნება თუ აღბეჭდილი იქნება დაკავების ოპერაცია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება ბექა წიქარიშვილს, სოფო კილაძის თქმით, ადამიანს ამა თუ იმ საკითხზე, შეიძლება პროტესტი გაუჩნდეს, მაგრამ ამის გამოხატვის ფორმა სხვა საკითხია.

„მესმის, რომ ადამიანს ამა თუ იმ საკითხზე შეიძლება პროტესტი გაუჩნდეს, მაგრამ ამის გამოხატვის ფორმა სხვა საკითხია. არ მგონია, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა სწორი იყოს. ყველა ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემენ მიუხედავად იმისა, შეიძლება ვინმეს გადაწყვეტილება მოეწონოს, ან – არა”, – განაცხადა სოფო კილაძემ.