სოფო კილაძე - იმედი მაქვს, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
სოფო კილაძე - იმედი მაქვს, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე იმედს გამოთქვამს, რომ აგვისტოს ომის თაობაზე სტრასბურგის სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც დაფუძნებული იმ ღირებულებებსა და ნორმებზე იქნება, რაც განსაზღვრულია ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაშია.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, საქართველოს სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში არგუმენტირებული მტკიცებულებები ყოფილიყო წარდგენილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველო ძლიერი არგუმენტებით გამოვა. მით უფრო, როცა ქვეყანას ფაქტობრივი მტკიცებულებები აქვს. რუსეთი ოკუპანტია და პასუხისმგებლობა ენიჭება ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რასაც ადგილი 2008 წელს ჰქონდა და ეს დღემდე გრძელდება. ყველამ ვიცით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა კატასტროფულია. ადამიანებს იტაცებენ, კლავენ და აწამებენ სხვა უფლებების შეზღუდვაზე რომ არაფერი ვთქვათ. საომარ მოქმედებებს რუსეთი ახორციელებდა და პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეს”, – განაცხადა კილაძემ.

საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  ბოლო ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე საქართველომ საკუთარი პოზიციის წარდგენა უკვე დაიწყო. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. მოსამართლეებს შორის არის საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენს. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.