საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატი - დღეს იქნება მნიშვნელოვანი დღე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროპული სასამართლოსთვის
საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატი - დღეს იქნება მნიშვნელოვანი დღე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროპული სასამართლოსთვის

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ქართული მხარის ადვოკატი ბენ ემერსონი აცხადებს, რომ 23 მაისი იქნება მნიშვნელოვანი დღე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ თავად ევროპული სასამართლოსთვის.

მისი თქმით, პირველად ხდება, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში მოუწევს მსჯელობა ადამიანის უფლებების მძიმე და მასობრივი დარღვევის ფაქტებზე.

„ჩვენ, მოსამართლეები, იურისტები, ორივე მხარეს ყველა კარგად ვაცნობიერებთ იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება. ამ პროცესში ჩვენ მხარს გვიჭერდა იუსტიციის სამინისტროს იურისტების შესანიშნავი გუნდი, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობდა იმ მტკიცებულებისა და მასალების მაქსიმალურად მოპოვებაზე, რასაც უნდა უზრუნველეყო სასამართლოს სრული მზადყოფნა სამართლიანი შედეგის მისაღწევად და სწორედ ამის იმედი გვაქვს 23 მაისის პროცესის შედეგად“, − განაცხადა ბენ ემერსონმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დღეისთვის არის ჩანიშნული. სხდომა თბილისის დროით 11:00 საათისთვის დაიწყება. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.

პირველი არხის გადამღები ჯგუფი სტრასბურგში იმყოფება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან უახლეს ინფორმაციებს მოგაწვდით.