სოფო კილაძე - „ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიაში პროცესის არასწორი გზით წაყვანას ცდილობს
ნაცვლად იმისა, რომ წავიდეთ ჭეშმარიტების დადგენის გზით და დავსვათ შესაბამისი კითხვები, „ევროპული საქართველოს“ მხრიდან ვხედავთ იმის მცდელობას, რომ პროცესი არასწორი გზით წავიდეს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები სამართალდამცველებს ისეთი ინფორმაციის გამჟღავნებას სთხოვენ, როგორიც კანონით აკრძალულია.
ამასთან, კილაძემ ირაკლი აბესაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. კერძოდ, საუბარია აბესაძის იმ განცხადებაზე, სადაც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნები კანონის დარღვევით გამოიკითხნენ.
„ირაკლი აბესაძე აპელირებს პოლიციის შესახებ კანონის მე-19 მუხლზე, რაც გულისხმობს პირის გამოკითხვას. ბატონო ირაკლი, ეს საპოლიციო ღონისძიება შედგება ორი ქვეღონისძიებისგან, პირველი მუხლი და მეორე მუხლი. თქვენ შეგნებულად, წაიკითხეთ მხოლოდ პირველი მუხლი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცით მეორე მუხლის არსებობის შესახებ, რომელიც არის საფუძველი პოლიციის მხრიდან საქმიანობის და მეორე მუხლი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პოლიცია გამოკითხავს პირს, თუ მას აქვს ღირებული ინფორმაცია. არასრულწლოვნის შემთხვევაში კი აუცილებელია, მისი კანონიერი წარმომადგენლის, მშობლის დასწრება.
თქვენ პირდაპირ შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გინდათ, კომისიის მუშაობა წაიყვანოთ არასწორი მიმართულებით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხვა კანონის დარღვევით მოხდა.