სოფო კილაძე - დაუშვებელია გამსაღებლების მიმართ ისეთი დაბალი სასჯელები, რაც კანონპროექტით არის გათვალისწინებული
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია, რომ მოქალაქეები შეიკრიბონ და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თავიანთი აზრი დააფიქსირონ, მათ შორის კრიტიკული აზრიც.
ჟურნალისტებთან საუბარში კილაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველას გარანტირებული აქვს და შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება არსებობს.
„ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია, რომ მოქალაქეები შეიკრიბონ და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თავიანთი აზრი, მათ შორის კრიტიკული აზრიც დააფიქსირონ. ეს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებში ჯდება. მესმის, რომ ამ ადამიანებს თავიანთი პოზიცია აქვთ, თუმცა არსებობს სამართლებრივი გზა იმისთვის, როცა კონკრეტული გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ ხარ. მგონია, რომ ამ სამართლებრივ პროცესს არ უნდა გავცდეთ, რადგან სხვადასხვა ინსტანციები არსებობს და მათ შეუძლიათ, ორივე პირთან მიმართებაში გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ. დაწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას კანონის უზენაესობა ითვალისწინებს”, – განაცხადა კილაძემ.
დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდში ზუსტად იციან, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა უნდა განხორციელდეს, მაგრამ წარდგენილი კანონპროექტი გარკვეულ ნაწილში გადასინჯვას საჭიროებს.
“საზოგადოებისთვის არ იქნება კარგი, თუ პროცესის ბოლოს ისეთ სიტუაციას მივიღებთ, როცა ნარკოტიკი თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. დაუშვებელია გამსაღებლების მიმართ ისეთი დაბალი სასჯელები, რაც ამ კანონპროექტით არის გათვალისწინებული. საზოგადოების სხვა ნაწილიც არსებობს, რომელიც წინააღმდეგია, რომ ქვეყანაში ნარკოტიკი თავისუფლად გავრცელდეს. პატივი ყველას აზრს უნდა ვცეთ და გადაწყვეტილება საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით არ უნდა მივიღოთ, არამედ დაბალანსებული მიდგომა უნდა ავირჩიოთ”, – განაცხადა კილაძემ.