სოფო კილაძე - „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ თავიდანვე გამოვყავით ექსკურსიები, როგორც ზოგ შემთხვევაში, ერთ-ერთი საფრთხის შემცველი მიმართულება
ბავშვები ჩვენი უმთავრესი საზრუნავია და როგორც საზოგადოება, ისე სახელმწიფო ფიქრობს იმაზე, რომ ჩვენი შვილები რაც შეიძლება მეტად იყვნენ დაცული, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბავშვის უფლებათა კოდექსში“, რომელიც კომპლექსურად მოიცავს ბავშვის დაცვის და მასზე ზრუნვის სხვადასხვა მიმართულებებს, რა თქმა უნდა, თავიდანვე გამოვყავით ექსკურსიები, როგორც ზოგ შემთხვევაში, ერთ-ერთი საფრთხის შემცველი მიმართულება. ამ კოდექსის მიხედვით აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას მექანიზმი, რომელიც პირველ რიგში, ექსკურსიის ორგანიზატორს განსაზღვრავს. ამ ორგანიზატორმა უნდა შეასრულოს ყველა ის მიმართულება და ვალდებულება, რაც კანონით არის მოცემული. ანუ, მას ეკისრება ორგანიზებისთვის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
როგორც კილაძემ აღნიშნა, ბავშვების გადაყვანა არ უნდა მოხდეს განსაკუთრებული საფრთხის მატარებელ მარშრუტებზე, სადაც ბავშვის დაღუპვის ან დაზიანების რისკი მაღალია და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ორგანიზატორმა, ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, იყო ბევრი შემთხვევა, როცა ტრანსპორტის გაუმართაობის გამო, ავტოსატრანსპორტო შემთხვევებისას დაიღუპნენ ბავშვები, მასწავლებლები, მშობლები და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვების გადაყვანის დროს ტრანსპორტი აუცილებლად იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.
კილაძემ ასევე განაცხადა, რომ ექსკურსიების მოწყობისას ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კვებისა და ჰიგიენის ნორმების უზრუნველყოფა, ადგილობრივი თვითმმართველობების, შსს-სა და სასწრაფო დახმარების სამსახურების ინფორმირება, რათა შემთხვევის დროს რეაგირება ადვილი იყოს.
„ასევე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ის, რომ აუცილებელია, ექსკურსიაზე იყოს ექიმი, ექთანი, ან ერთი ადამიანი მაინც, ვისაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი აქვს გავლილი, რადგან თუ ღმერთმა ნუ ქნას და, რამე უბედურება მოხდა, ბავშვებსა და იქ მყოფ სხვა პირებს პირველადი დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მისი თქმით, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღებით ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ ამით რისკების შემცირება შესაძლებელია და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სწორედ აქ არის.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მორიგი რეგულაციები არ იქნება მკვდრად შობილი კანონი, რომელიც ფურცელზე დარჩება და ვინ როგორ გააკონტროლებს, რომ ექსკურსიების დაგეგმვა, თუ ბავშვების სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა მხოლოდ წესების დაცვით მოხდეს, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ აქამდე არ იყო კანონის საფუძველზე განმტკიცებული რეგულაციები და ამიტომ, სახელმწიფო მის შესრულებას ვერავის მოსთხოვდა, მაგრამ ახლა ეს რეგულაციები იქმნება და შესაბამისად, მისი შესრულებაც სავალდებულო იქნება.
„რა თქმა უნდა, აქ არის აღმასრულებელი ხელისუფლების სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხი, თუ როგორ მოახდენენ ისინი ამ რეგულაციების აღსრულებას. ეს ბუნებრივია, არ იქნება ადვილი პროცესი, მაგრამ ჩვენ, პარლამენტი ზედამხედველობას განვახორციელებთ, რაც ჩვენი ვალდებულებაა. ასევე, ჩვენ გვაქვს საზოგადოების გვერდით დგომის იმედი. რადგან, თუ საზოგადოების თითოეულმა წევრმა არ გააცნობიერა, რომ ამ რეგულაციების დარღვევით საკუთარ და ბავშვების სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, ისე ნამდვილად ვერ მივიღებთ შედეგს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.