სოფო კილაძე - ბავშვის უფლებათა კოდექსი მოიცავს ყველა მიმართულებას, რათა ბავშვები დაცულები იყვნენ, ახლა კანონის იმპლემენტაციაზე ვმუშაობთ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი მოიცავს ყველა მიმართულებას, რათა ბავშვები დაცულები იყვნენ.
კილაძის თქმით, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მუშაობა ბავშვთა უფლებების შესახებ კანონის იმპლემენტაციაზე.
„ბავშვის უფლებების კუთხით ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რაც მოიცავს ფაქტობრივად ყველა მიმართულებას, რათა ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები. ახლა ჩვენ ვართ ფაზაში, როცა ვმუშაობთ ბავშვთა უფლებების კანონის იმპლემენტაციაზე, რადგან ერთია დაწერილი კანონი, თუმცა თუ ის სისრულეში არ მოვიდა, მიზანს ვერ მიაღწევს“ ,- განაცხადა სოფო კილაძემ.
ამასთან, კილაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ბავშვის უფლებებისა და რელიგიური მრწამსის კუთხით ბალანსი დაცული იყოს.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს რელიგიების როლი ბავშვთა უფლებების დაცვაში, ვინაიდან ძალიან ხშირად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მორწმუნე ოჯახებს, ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ბალანსი დაცული, როგორც ბავშვის უფლებების, ისე რელიგიური მრწამსის კუთხით. ვფიქრობ, რომ ჩვენთან მოქმედი ყველა რელიგია სრულ შეაბამისობაშია ბავშვთა უფლებებთან, მთავარი არის ის, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს – რელიგიები ემსახურებოდეს ბავშვის უფლებების დაცვას და ბავშვის უფლებები იმ რელიგიური ღირებულებების დაცვას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისათვის“ ,- განაცხადა სოფო კილაძემ.