სოფო კილაძე - აჟიოტაჟი იყო „ფრონტერაზეც“, თითქოს მისი უფლებები ირღვეოდა, არბიტრაჟმა გადაწყვეტილება სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღო, თუმცა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შავი პიარი უკან არავის წაუღია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს.
ამასთან, სოფო კილაძემ „ფრონტერასთან“ დაკავშირებული საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ არბიტრჟმა გადაწყვეტილება სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღო მაშინ, როცა ატეხილი იყო აჟიოტაჟი, თითქოს სახელმწიფო კომპანიის უფლებებს არღვევდა.
„მთელი აჟიოტაჟი იყო ატეხილი „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მის უფლებებს არღვევს, ზღუდავს და ა.შ. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ არბიტრაჟმა გადაწყვეტილება სწორედ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღო. სამაგიეროდ, შავი პიარი, რაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიიტანეს, დარჩა. ე.წ. ექსპერტებისა და მედიასაშუალებების მხრიდან საპირისპირო განცხადებები აღარ მომისმენია, რომ სახელმწიფომ არბიტრაჟში დავა მოიგო. „ქართული ოცნებისთვის“ ნასროლი შავი პიარი უკან არავის წაუღია. ეს სამწუხაროა და ზოგიერთი ექსპერტისა და მედიასაშუალების მიკერძოებულობაზე მიუთითებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს.