კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები 11-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ
კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები 11-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

ამერიკული კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლები 11 თვის კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვენ.

მათ ამ მოთხოვნით მორიგი აქცია დედოფლისწყაროში გამართეს. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ბაზიდან ნავთობი გაიტანა, დაპირება არ შეასრულა და სახელფასო დავალიანება არ დაფარა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა დღემდე ვერ მოხერხდა, კომაპნია კი ამ დრომდე უკანონოდ ახორციელებს ტარიბანას ველზე ნავთობმოპოვების სამუშაოებს. მათი თქმით, სახელფასო დავალიანების გასტუმრება გაზისა და ნავთობის კომპანიის ვალდებულებაცაა, რომელიც კომპანიის 50-პროცენტიან წილს ფლობს.

ამასთან, დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვებაზე დასაქმებული 84 თანამშრომელი კუთვნილი ხელფასის მიღებასთან ერთად სამსახურში აღდგენასაც ითხოვს.

როგორც ამბობენ, სამსახურიდან მას შემდეგ გათავისფლდნენ, რაც ხელფასის მიღება მოითხოვეს.

„ჩვენ მადლობელი ვართ ხელისუფლების, რომ ფინანსურად დაგვეხმარა, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ გვიხდის კომპანია „ფრონტერა“ 11 თვის ხელფასს. ჩვენი, როგორც დასაქმებულების უფლებები რომ დაირღვა, რატომ არავინ გვაქცევს ყურადღებას. არ გვინდა, რომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანოთ, მაგრამ როცა სამართლიანია ჩვენი მოთხოვნა, არ გავჩერდებით. ეს გამაფრთხილბელი აქციია, შემდეგ უკვე ალბათ ამერიკის ელჩთან და პრემიერთან შეხვედრასაც მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის მონაწილე ივერი წიკლაურმა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საკითხის მიმართ ყურადღებას ითხოვენ.