სოფო კილაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ კანონპროექტს ამზადებს
სოფო კილაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ კანონპროექტს ამზადებს

იუსტიციის სამინისტრო აპირებს, შემოიტანოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც არასრულწლოვან ადამიანებს შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

„ცვლილებათა პაკეტი ყველა ტიპის დანაშაულს შეეხება, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ქონებრივი ტიპის დანაშაულებზე იქნება გაკეთებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პროექტი დახვეწილი მივიღოთ და კანონად ვაქციოთ. ეს სერიოზული გამოწვევაა, რომელიც არამხოლოდ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბოშა ბავშვებს, არამედ სხვა ეთნოსის ადამიანებს ეხება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ეთნიკური წარმომავლობის იქნება ბავშვი, რადგან ყველა მათგანზე, ვინც კრიმინალურ საქმიანობაშია ჩაბმული, სახელმწიფომ თანაბრად უნდა იზრუნოს.

„დიდი ალბათობით, მათ უკან ზრდასრული ადამიანები დგანან, რომლებიც ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევენ. სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ, რომ ეს ბავშვები გზას არ ააცდინონ და გადარჩეს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი, რაც გვაქვს. ამ კუთხით ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.