სოფო ხორგუანი - ვანო მერაბიშვილი, როგორც ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი, ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას
ვანო მერაბიშვილი, როგორც ერთ-ერთი შემოქმედი ძალადობრივი სისტემისა, ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
როგორც სოფო ხორგუანმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილს სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტარება.
„ვანო მერაბიშვილი, როგორც ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედი პოლიტიკური პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, ეს არის მოცემულობა. ის არ იყო მთავარი არქიტექტორი ან დიზაინერი, ალბათ უფრო „პრარაბი“ შეეფერება მის როლს ამ პროცესში, მაგრამ ის იყო მონაწილე. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გარდა იმ გახმაურებული საქმეებისა, რომელიც დასრულებულია ან მიმდინარეობს სასამართლოში, არის ძალიან ბევრი ისეთი საქმე, რომელზეც არ ყოფილა ხმაური. შემიძლია, გავიხსენო ერთ-ერთი საქმე, რომელზეც უკვე არსებობს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის 15 ივნისის დარბევის საქმე. ამ საქმეზე ძიება მიდის პროკურატურაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. გახსოვთ ეს იყო შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები კანონით დაშვებულ მანძილზე იდგნენ პოლიციის სამმართველოსთან და საკუთარ სახელსა და გვარებს კითხულობდნენ. მაშინ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, მაშინ გალახეს იქ მყოფი სახალხო დამცველის თანამშრომელიც, გალახეს პოლიტიკოსები ნერგაძე და ბერიშვილი, ასევე აბაშიძე. არ არსებობს ამ დარბევის კადრები, რადგან ჟურნალისტებს წაართვეს კამერები და დაუბრუნეს კამერები ცარიელი კასეტებით. ვანო მერაბიშვილის ხელდასმის გარეშე ეს ოპერაცია არც დაგეგმილა, არც განხორციელებულა, ამიტომ მას მოუწევს პასუხი აგოს. არსებობს კიდევ ბევრი დანაშაული, მათ შორის აგვისტოს ომის შემდგომ მიღებული ფინანსური დახმარება, რომელიც ქვეყანამ მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობიდან. ეს არის დიდი ოდენობით თანხების მითვისება, გაფლანგვა, გათეთრება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პასუხი აგოს“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
მისივე თქმით, მერაბიშვილის მინისტრობის დროს იყო ძალიან ბევრი პოლიტიკური დევნის საქმეები.
„შემიძლია, გავიხსენო მერაბ ქათამაძე, რომელიც იყო წიგნის ფესტივალის დამფუძნებელი, მას ჩაუდეს იარაღი, დააპატიმრეს, გამოაცხადეს კრიმინალად, რადგან ოპოზიციური პარტიის წევრი იყო. მიხეილ გაბუნია, იურისტი, რომელიც ასევე გამოაცხადეს კრიმინალად, ძმები გუდაძეები გორში გამოაცხადეს კრიმინალებად, ასევე ძმები ტერაშვილები. არსებობს ძალიან ბევრი მსგავსი საქმე, რომელიც აბუჩად აიგდო სახელმწიფომ, რომლის ერთ-ერთი შემოქმედი იყო ვანო მერაბიშვილი. იყო გაბატონებული შიში და უიმედობა, ამიტომ ბევრი ადამიანის ამბავი ანგარიშებში არ მოხვედრილა. არის წამების საქმეები, გალელი ექიმი ბიჭი მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ არ დათანხმდა ყოფილიყო ცრუ მოწმე. ეს ადამიანები დღეს არ საუბრობენ ამაზე, რადგან ძალიან რთულია, ილაპარაკო, თუ როგორ დაგჩაგრეს, დაგამცირეს და ალბათ იმიტომაც დღესაც არ აქვთ იმედი, რომ სამართალს იპოვიან. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ვისაუბროთ ამ თემებზე და გამოვხატოთ სოლიდარობა. ეს არის წარსული და პროკურატურის საქმეა, მაგრამ ყველა საქმე უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.