სოფო ხორგუანი - ოპოზიციას რეალობის გრძნობა აქვს დაკარგული და მხოლოდ იმ ვერსიას განიხილავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს
გიგი უგულავამ რამდენჯერაც არ უნდა დამიძახოს მონა, მის გვერდით დავდგები თუ რა?! – ამის შესახებ პოლიტიკოსმა და კრიზის მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მონა ხარ, რომ არ გამოდიხარო, რომ იძახის, რა, გავქანდები და დავდგები მის გვერდით თუ რა?! საოცარი ტაქტიკა აქვთ. გამლანძღავს, დამამცირებს, დამჩაგრავს, შეურაცხყოფას მომაყენებს, მე კი უცებ გადავირევი და გავიქცევი, ვაიმე, ამან უკაცრავად და, არ მიმაბულინგოს თქო და მის გვერდით დავდგები?! უგულავამ რამდენიც არ უნდა მეძახოს მონა ხარო, დანამდვილებით ვიცი, რომ მონა არ ვარ. ამიტომ, ეს კომპლექსიც არ მაქვს, რომ როცა დამიძახებს, გავექანო“, – განაცხადა ხორგუანმა.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ მათ მიერ სიძულვილის ენა, ბილწსიტყვაობა და აგრესია ნორმად არის ქცეული და საზოგადოებამ როგორმე უნდა მოახერხოს, სიძულვილისა და აგრესიის ტირაჟირება შეაჩეროს.
როგორც კრიზის მენეჯერმა აღნიშნა, ოპოზიციას რეალობის გრძნობა აქვს დაკარგული და უპირობოდ, მხოლოდ იმ ვერსიას განიხილავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს.
„პროპორციულ სისტემაზე რომ ლაპარაკობენ, რატომ გვინდოდა პროპორციული?! იმიტომ, რომ ასეთი დამოკიდებულება იყო – ეს მაჟორიტარები ფეოდალებად იქცნენ, შევარდნაძის დროსაც მაჟორიტარები იყვნენ, მიშას დროსაც და მერეც ხომ?! გერმანულ მოდელზე რომ ლაპარაკობენ, ისინი აუცილებლად განიხილავენ, რომ „ოცნებამ“ წააგო. ერთი პირობით წარმოვიდგინოთ, რომ „ოცნებამ“ 55%, ან 52% აიღო, 80 დეპუტატი ხომ გაჰყავს?! ამ 80 დეპუტატიდან უმრავლესობა ისევ ის ფეოდალი ხომ გამოდის?! ანუ, გამოდის, რომ ამ უმრავლესობაშიც ისაა, ვის მიმართაც შეიძლება, ყველაზე მეტი პრეტენზია მქონდეს. ხანდახან ვფიქრობ, რომ რეალობის გრძნობა აქვთ დაკარგული, რადგან შენ რომ ამბობ, ეს მოდელი მინდაო, აპრიორი მარტო იმას უშვებ, რომ იმან წააგო და შენ მოიგე. მხოლოდ ამ რეალობას უშვებენ“, – განაცხადა ხორგუანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია მისი მოლოდინი და რამდენად შესაძლებელია, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი შედგეს, სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომ ამ რეალობაში კონსენსუსის რესურსი არ არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რა სარგებელს მიიღებს შექმნილი ვითარებიდან საზოგადოება.
„როგორ შეიძლება, კონსენსუსი შედგეს, როცა ერთმა მხარემ თქვა, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილებაო. სხვანაირად რომც უნდოდეთ, იმ მაჟორიტარებს ასე უნდათ და ხელს ხომ არ გადაუგრეხენ?! ეს არის არჩეული ხალხი. ეს არის მოცემულობა და ჩვენ ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ. ჩემთვის ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, ქვეყანამ და ჩვენ, მოქალაქეებმა, როგორ შეიძლება, ამ მოცემულობიდან სარგებელი მივიღოთ“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.