„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა.
უწყების ცნობით, 2019 წელს პროგრამის ფარგლებში, 4 800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტებში სამი ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა და მოსახლეობამ პროექტები თავად შეარჩია. აქედან, გურიაში განხორციელდა 376 პროექტი, იმერეთში – 1042 პროექტი, კახეთში – 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში −536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში − 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში – 309 პროექტი, ქვემო ქართლში – 399 პროექტი და შიდა ქართლში – 447 პროექტი.
ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი, შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების გაჭრა-გაწმენდა.