გურიის რეგიონში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება
გურიის რეგიონში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გურიის რეგიონში ცხრა სხვადასხვა საგზაო მონაკვეთზე, ჯამურად დაახლოებით 63 კმ-მდე. გზის რეაბილიტაციის პროექტზე ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებაზე ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტმენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის China Road and Bridge Corporation-ის წარმომადგენელმა Wang Fuhua-მ მოაწერეს.

პროექტი შვიდ ლოტად განხორციელდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებს: ჩოხატაური-ბახმაროს გზის 24.5 კმ-იან მონაკვეთს, ჩოხატაური-ზომლეთის გზის 10.3 კმ-იან მონაკვეთს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზის 2.8 კმ-იან მონაკვეთს და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 25.6 კმ-იან მონაკვეთს.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე დაგეგმილია: გზის საფუძვლის განახლება და გაუმჯობესება, ახალი ხელოვნური ნაგებობების (წყალგამტარი მილები, საყრდენი კედლები და სხვა) მოწყობა, ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და შემოფარგვლა.

აღნიშნული სამუშაოები, სრულად მოაწესრიგებს სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები. სამუშაოები ეტაპობრივად, 18 თვის განმავლობაში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 58.5 მლნ. ლარს შეადგენს.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.