სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების პროექტზე ინფორმაციას ავრცელებს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების პროექტზე ინფორმაციას ავრცელებს

არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტს განახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, იმისათვის, რომ ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი, შემუშავდა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტი.

„პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის პირველ დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ცნობით, საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

„ცვლილებები შედის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტშიც, რომლის ფარგლებშიც, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შეძენის მიზნობრიობით. ქვეკომპონენტის ფარგლებში, სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან 2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში.

ქვეკომპონენტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 1 000 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა განისაზღვრება 12 თვით და სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას“, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური რვა პროცენტის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად.

არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გააკეთა.