მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას განახორციელებს
მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას განახორციელებს

საქართველოს მთავრობა წელს ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას განახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში, მოგეხსენებათ, ჩვენ სექტორულად ვეხმარებით სხვადასხვა დარგს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების არც ერთი გრამი პროდუქტი ​დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და მოგეხსენებათ, მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს და შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლი. ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებით შესახებ, 10 თეთრით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საბოლოოდ, ფერმერებისთვის ფასი იქნება არანაკლებ 22 თეთრისა.

„ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი