სოფიო კილაძე - ვერ შევეგუებით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს კითხვის ნიშნები ჩვენი ხელისუფლების მიმართ
ჩვენს ინტერესებშია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისად, უმრავლესობა მაქსიმალურად ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, რომ სიმართლე გამოვლინდეს. დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა სწორედ ოპოზიციას – „ევროპულ საქართველოს“ აქვს.
მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე ძალიან ბევრი ტომისგან შედგება, რომელთა გაცნობასაც დრო სჭირდება.
„არის ასეულობით ტომის საქმე, რომელსაც ბუნებრივია, შესაბამისი დრო სჭირდება გასაცნობად, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის მაქსიმალურად სწრაფად, მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ გავიაროთ ეს პროცესი, რომ საზოგადოებაში არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ნათელი გახდეს, თუ რა მოხდა, თუ მოხდა ხელის დაფარება, ვინ დააფარა ხელი კონკრეტულ ადამიანებს და ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
მისი თქმით, ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
„ასეთი ტიპის კითხვის ნიშნებს ვერ შევეგუებით ბუნებრივია და ვერ შევეგუებით იმას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს კითხვის ნიშნები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ამიტომ, ჩვენივე ინტერესებშია, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი, მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ოპოზიციასთან, რომ სიმართლე გამოვლინდეს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.