სოფიო კილაძე - დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ჯერ ბევრი ინფორმაციაა მისაღები და სჯობს, წინმსწრები ნაბიჯებისგან თავი შევიკავოთ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაციაა მისაღები და შესაბამისად, ვფიქრობ, ძალიან ფრთხილი პოზიცია უნდა დავიჭიროთ, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა, დეპუტატმა, სოფიო კილაძემ კომისიის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ცალსახად ვფიქრობ, აქ ძალიან ფრთხილი პოზიცია უნდა დავიჭიროთ. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სხდომა გვქონდა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაციაა მისაღები, კარგი ანალიზი არის გასაკეთებელი. წინმსწრები ნაბიჯების გადადგმისგან, რომელსაც შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო არასწორი მსვლელობა მიეცეს, სჯობს, თავი შევიკავოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა არასათანადო ინფორმაციის გამო, რთულია კონკრეტული დასკვნების გამოტანა“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
დროებით საგამოძიებო კომისიასთან გამართულ შეხვედრაზე დღეს არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველის აპარატს ორი რეკომენდაცია წარედგინა. აღნიშნულ რეკომენდაციებზე სერგი კაპანაძემ გასულ კვირაში ისაუბრა და ისინი ერთ-ერთი არასრულწლოვანის, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და ასევე, კონფლიქტში მონაწილე მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება. კაპანაძე მიიჩნევს, რომ რეკომენდაციები მყარია და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალებიდან გამომდინარეობს.