ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა ზედიზედ მესამე ტურნირს თამაშობდა თურქეთის ქალაქ ანტალიაში. ტურნირის საპრიზო ფონდი 15 ათასი ევრო იყო. წინა ორი ტურნირისგან განსხვავებით, ამჯერად შაფათავა მხოლოდ წყვილებში ცდიდა ძალებს, სადაც მისი პარტნიორი რუსი ალექსანდრა პოსპელოვა იყო.
ფინალში შაფათავა და პოსპელოვა გერმანელ დებს – ტაისია და იანა მორდერგერებს ხვდებოდნენ, რომლებსაც განთესვის მეორე ნომერი ჰქონდათ და მათ უშანსოდ მოუგეს – 6:2, 6:2.
ფინალამდე რუსულ-ქართულმა წყვილმა, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი, პირველ წრეში 6:2, 6:4 მოუგო ჩეხ მაგდალენა პანტუჩკოვასა და ბულგარელ იულია სტამატოვას. მეოთხედფინალში შაფათავასა და პოსპელოვას ტურნირზე ერთადერთხელ გაუჭირდათ – ბულგარელ გებრიელა მიჰაილოვასა და რუს ეკატერინა ოვჩარენკოს მხოლოდ მესამე სეტში აჯობეს – 6:2, 4:6, 17:15.
ამის შემდეგ, მათ ძალიან იოლად დაამარცხეს მესამე ნომრად განთესილი წყვილი ყირგიზ ქსენია პალკინასა და ამერიკელ შელბი ტელკოტის შემადგენლობით – 6:3, 6:1.
სოფია შაფათავამ ანტალიაში სამი კვირის განმავლობაში სამი ტურნირი ითამაშა. მან ორჯერ მოიგო წყვილების ტურნირი და ერთხელ იყო ერთეულების ფინალში