შაფათავა ანტალიის ტურნირის ნახევარფინალამდე მივიდა
შაფათავა ანტალიის ტურნირის ნახევარფინალამდე მივიდა

ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა ზედიზედ მესამე ტურნირს თამაშობს თურქეთის ქალაქ ანტალიაში. ტურნირის საპრიზო ფონდი 15 ათას ევროს შეადგენს. წინა ორი ტურნირისგან განსხვავებით, ამჯერად შაფათავა მხოლოდ წყვილებში ცდის ძალებს, სადაც მისი პარტნიორია რუსი ალექსანდრა პოსპელოვა.

შეგახსენებთ, რომ რუსულ-ქართულმა წყვილმა, რომელიც პირველ ნომრად არის განთესილი, პირველ წრეში 6:2, 6:4 მოუგო ჩეხ მაგდალენა პანტუჩკოვასა და ბულგარელ იულია სტამატოვას. ამ მოგებამ შაფათავასა და პოსპელოვას მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილებს ბულგარელი გებრიელა მიჰაილოვა და რუსი ეკატერინა ოვჩარენკო ელოდნენ. ამჯერად, უფრო რთული ბრძოლა წარიმართა და ქართულ-რუსულმა ტანდემმა 6:2, 4:6, 17:15 მოიგო, რითაც ნახევარფინალში თამაში გაინაღდა.

ამ ეტაპზე შაფათავა და პოსპელოვა მესამე ნომრად განთესილ წყვილს – ყირგიზ ქსენია პალკინასა და ამერიკელ შელბი ტელკოტს შეხვდებიან.