ტურნირის მოგებამდე სოფია შაფათავას ფინალში ერთი მოგება დააკლდა
ტურნირის მოგებამდე სოფია შაფათავას ფინალში ერთი მოგება დააკლდა

ერთი მოგება დააკლდა ქართველი ჩოგბურთელს სოფია შაფათავას იტალიის ქალაქ სანტა მარგერიტა დი პულას ტურნირის (საპრიზო ფონდი – 25 ათასი ევრო) მოგებამდე. ის წყვილთა თანრიგში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად ასპარეზობდა და ფინალში დამარცხდა.

ტურნირი კვირას უნდა დასრულებულიყო, მაგრამ წვიმის გამო, გადამწყვეტი მატჩები ორშაბათს გაიმართა.

შაფათავასა და მის პარტნიორს ერთ დღეს ორი მატჩის ჩატარება მოუწიათ: ჯერ ნახევარფინალში გაანადგურეს კოლუმბიელი მარია ერასო გონსალესისა და ვენესუელელი აიმეტ უსკატეგის წყვილი – 6:3, 6:0, რის შემდეგაც, ძალიან მალე ფინალში თამაში ელოდათ სლოვაკ შანტალ სკამლოვასა და ჰოლანდიელ ევა ვაკანოს დუეტთან.

სლოვაკი და ჰოლანდიელი დასვენებულები იყვნენ, რადგან ფინალში თამაშის უფლება ჯერ კიდევ შაბათს მოიპოვეს. სავარაუდოდ, ამან გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე – დაძაბულ ბრძოლაში სკამლოვამ და ვაკანომ საჩემპიონო ტაი-ბრეიკზე მოუგეს შაფათავასა და ვასილიევას – 6:1, 5:7, 10:6.

წაგების მიუხედავად, შაფათავას გამოსვლა სანტა მარგერიტა დი პულაში წარმატებული იყო, რადგან აქ გამართული ორი ტურნირიდან მან ერთი მოიგო და მეორეში ფინალამდე მიაღწია.