თურქეთის ქალაქ ანტალიაში, “ქაია ბელექის” სასტუმროს კორტებზე ქალებს შორის ITF-ის სერიის ტურნირი მიმდინარეობს. საპრიზო ფონდი 15 ათას ევროს შეადგენს. აქ პირველ ორ ნომრად ქართველი ჩოგბურთელები – ეკატერინე გორგოძე და სოფია შაფათავა არიან განთესილები. სამწუხაროდ, გორგოძემ პირველივე წრის მატჩი წააგო რუს ევგენია ბურდინასთან (6:7, 5:7).
სამაგიეროდ, შაფათავამ ერთმანეთის მიყოლებით ოთხ მეტოქეს მოუგო და კვირას, ფინალში ითამაშებს. 1/16 ფინალში სოფიამ 6:2, 6:3 სძლია თურქ ილაი იორუქს, 1/8 ფინალში გერმანელი ევა ლისი დაამარცხა – 6:1, 6:2, 1/4 ფინალში ასევე გერმანელ ლიზა მატვიენკოს მოუგო – 6:3, 6:3.
ნახევარფინალში შაფათავა ბელარუს ნიკა შიტკოვსკაიას ხვდებოდა. პირველი სეტი ბელარუსმა მოიგო, მაგრამ მეორე სეტიდან მოყოლებული, ქართველმა ინიციატივა მოიპოვა და ბოლოს, შიტკოვსკაიამ უარი თქვა თამაში გაგრძელებაზე – 5:7, 6:4, 5:0.
შაფათავა ფინალში რუს ვარვარა გრაჩოვას შეხვდება, რომელმაც ოთხი ეტაპი ისე გაიარა, რომ სეტი არ წაუგია.