სოფელი ლაკათხევში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელი ლაკათხევში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ნასახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების ქარჩაიძეების ნასახლარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარჩაიძეების ნასახლარი წარმოადგენს ტერასულად განლაგებულ შეკრულ კომპლექსს. ნაგებია ფლეთილი ქვით. სახურავები და ხის კოჭებით მოწყობილი სართულ შუა გადახურვა ჩაქცეულია. ნანგრევებიდან ირკვევა, რომ ერთმანეთის მიჯრით აშენებული იყო ორსართულიანი სახლები. პირველ სართულზე განთავსებული იყო ბოსელი, მეორეზე საცხოვრებელი ოთახები ბანიანი გადახურვით, ქვედა მხრიდან კომპლექსში შემომავალი გზა საყრდენი კედლით იყო შემოსაზღვრული, რაც თავდაცვის ფუნქციასაც ასრულებდა, საყრდენი კედლის დასავლეთ ნაწილში კონტფორსია შემორჩენილი. გარდა ქვედა გზისა, ბანიანი სახლების გაყოლებაზე-ჩრდილოეთით არსებობდა უფრო მოკლე გზაც.

ამასთან, ბოსლებში შემორჩენილია გადახურვის საყრდენი ბურჯი (კულა), რომელზეც ხის კოჭები იყო გადებული. ზედა ნაწილში შეინიშნება ხის კოჭების ჩამოსადები ოთხკუთხა ბუდეები. თითოეულ საცხოვრებელ ოთახს კი, სწორკუთხა ფორმის მოზრდილი ნიშები აქვს.