იუნესკო - მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის წინააღმდეგ
იუნესკო - მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის წინააღმდეგ

იუნესკო მკაცრად გმობს განმეორებით თავდასხმებს კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „იუნესკოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„იუნესკო“ ღრმად შეშფოთებულია და მკაცრად გმობს რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას, რომელმაც დაარტყა რამდენიმე კულტურულ ობიექტს ოდესის ქალაქის ცენტრში, სადაც მდებარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი „ოდესის ისტორიული ცენტრი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადება გააკეთა იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულეიმ. მისივე თქმით, ეს აღმაშფოთებელი ნგრევა აღნიშნავს ძალადობის ესკალაციას უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ.

„კატეგორიულად ვგმობ ამ თავდასხმას კულტურის წინააღმდეგ და მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, მიიღოს მნიშვნელოვანი ზომები საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის 1954 წლის ჰააგის კონვენციაში აღნიშნული შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული საკუთრების დაცვის შესახებ და 1972 წლის მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციაში აღნიშნულ ვალდებულებებზე“, – აღნიშნულია იუნესკო-ს გენერალური დირექტორის განცხადებაში.

იუნესკო-ს ცნობით, აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მენეჯერებთან, ადგილობრივ და ეროვნულ ხელისუფლებასთან დახმარების გადაუდებელი საჭიროებების დასადგენად.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს დღეებში იუნესკო-ს წარმომადგენლები გაემგზავრებიან ოდესაში ზარალის წინასწარი შეფასებისთვის.

გუშინ რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ცენტრზე. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დანგრეულია ექვსი საცხოვრებელი სახლი. ასევე, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი – ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.