გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა.
ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ბლოკპოსტები წუხელ, 00:00 საათიდან მოიხსნა და სოფელი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგებთაან ერთად ვემზადებოდით ხელახალი მასობრივი კვლევების ჩატარებისთვის სოფელ ყარაჯალარში, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და მასშტაბური. ამისთვის მუდმივ დიალოგში ვიყავით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ერთობლივი ძალისხმევით, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძელით, რომ ორ დღეში, პარასკევსა და შაბათს 1552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალები გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1425 კვლევა დასრულებულია. შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ერთი შემთხვევა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ 127 საკვლევი მასალის პასუხს ელოდებიან.
„შესაბამისად, რადგან შეფასდა, სოფელში მასობრივი გავრცელება არ არის, არის ძალიან იშვიათი და ერთეული შემთხვევები, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ საკარანტინო რეჟიმი მოიხსნას“, – აღნიშნა იშოთა რეხვიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სოფელში სულ გაიტესტა 3600-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ვირუსი დაუდგინა 44 ადამიანს.
სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო ზომები 18 დღის განმავლობაში მოქმედებდა.