სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულთა საქმეები გაერთიანდა
თელავის რაიონული სასამართლოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობასთან დაკავშირებით 85 წლის ომარ გამყრელიძის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის მოთხოვნა ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის, ასევე ომარ გამყრელიძის საქმის გაერთიანების შესახებ დააკმაყოფილა.
85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალდების მხარე, მეუღლის, ელზა გამყრელიძის მკვლელობაში დახმარებას ედავება. დახმარების გარდა გამყრელიძეს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვაში.
ამავე ბრალდებით დაკავებულია მისი შვილიშვილი ომარ გამყრელიძე, რომლის მანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა სახის საბრძოლო ვაზნები.
გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს დანარჩენი ოთხი ადამიანის მკვლელობის იარაღი.
ექსპერტიზის დასკვნით, ოთხივე მათგანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითაა მოკლული. შესაბამისად დაუდგენელია ოთხი ადამიანის მკვლელის ვინაობაც.
ორივე საქმის გაერთიანებული განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება და ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით მიმართავს.
ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ ერთია ამოღებული.
მოგვიანებით ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და როგორც ადვოკატმა განმარტა, ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.